მუსიკის ტაძარი ვენაში

მუსიკის ტაძარი ვენაში

თეა ფარულავა

 

 

 

ვენა არა მხოლოდ ავსტრიის, არამედ კლასიკური მუსიკის დედაქალაქიც არის. სხვადასხვა დროს ამ ქალაქის ქუჩებში დააბიჯებდნენ მოცარტი, ბეთჰოვენი,  შუბერტი, იოჰან შტრაუსი და კიდევ ბევრი სხვა ბუმბერაზი. ვენაში სამი  საოპერო თეატრი და ძალიან ბევრი დიდი თუ პატარა საკონცერტო დარბაზია. ამ დარბაზთა შორის გამორჩეულია მუსიკის ასოციაციის სასახლე – მუსიკფერაინი. სწორედ რომ, სასახლეა ვენის ცენტრში მდებარე ეს პომპეზური ნაგებობა. აქ მუსიკის მეგობართა საზოგადოებასთან ერთად, რამდენიმე საკონცერტო დარბაზია განთავსებული. მუსიკის მეგობართა საზოგადოებას და მის მუსიკფერაინს ძალიან საინტერესო ისტორია აქვთ.

მუსიკფერაინის პირველი შენობა

1812 წელს ვენის მუსიკის მოყვარულებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებულიყვნენ და ხელი შეეწყოთ მუსიკის ყველა დარგისთვის.

ამ საქმეს სათავეში იურისტი კრისტოფ სონლაიტნერი ჩაუდგა. ეს ძალიან საინტერესო პიროვნება, რაღაცით ილია ჭავჭავაძეს გვაგონებს, რომელიც მოსამართლეობას მწერლობასა და ბევრ სხვა საშურ საქმესთან ათავსებდა. სონლაიტნერი იყო კომპოზიტორი, ვენის თეატრალური ალმანახის გამომცემელი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ის ბეთჰოვენთან მეგობრობდა, მისი იურისტიც იყო, და, იმავდროულად, ლიბრეტოსაც წერდა მისი ოპერისთვის. სწორედ ამ კაცმა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში დაწერა ვენის  მუსიკის მეგობართა საზოგადოების წესდება და ამ საზოგადოების წევრთა ხელმოწერებიც შეაგროვა. 1814 წელს ავსტრიის იმპერიის კანცელარიამ დაარეგისტრირა მუსიკის მეგობართა საზოგადოება. მისი მფარველობა მმართველი იმპერატორის ძმამ და ბეთჰოვენის მეგობარმა,  ერცჰერცოგმა რუდოლფმა იკისრა. ორგანიზაციის მდივანი, რა თქმა უნდა, იოზეფ სონლაიტნერი იყო.

1817 წელს მუსიკის მეგობართა საზოგადოებამ  კონსერვატორია გახსნა.

 

თავიდან მუსიკის მეგობართა საზოგადოება მართავდა კონცერტებს, სადაც შემსრულებლებიც და დამსწრეებიც ამავე საზოგადოების წევრები იყვნენ.  კონცერტები ჰოფბურგის საიმპერატორო სასახლის სხვადასხვა დარბაზში იმართებოდა.  მალე გაირკვა, რომ  ამ წარმოდგენებისადმი ინტერესი ძალიან დიდი იყო და  არ გამოვიდოდა, მხოლოდ ვიწრო წრეზე მუშაობა.

1826 წელს მუსიკის მეგობართა საზოგადოება უკვე ისეთი გავლენიანია, რომ მას ბეთჰოვენი და შუბერტი უერთდებიან; შუბერტი მმართველობაშიც მონაწილეობს.

ოქროს დარბაზი📷 ვოლფ-დიტერ გრაბნერი

  კონცერტების გამართვასთან ერთად, მუსიკის მეგობართა საზოგადოება ქმნიდა სამეცნიერო მუსიკალურ არქივს.  ეს არქივი დღეს მუსიკფერაინშია დაცული და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია მსოფლიოს  მუსიკალურ არქივთა შორის. 2005 წელს იუნესკომ ამ არქივში დაცული ბრამსის კოლექცია (ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, წერილები) მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში შეიტანა.

1831 წელს მუსიკის მეგობართა საზოგადოება გადადის  საგანგებოდ მისთვის აგებულ შენობაში, რომელიც გათვლილი იყო ორგანიზაციის მრავალფეროვან საქმიანობაზე. ამავე შენობაში იყო საკონცერტო დარბაზი 700 მაყურებლისთვის. ეს იყო პირველი საკონცერტო დარბაზი, რომელიც ვენაში აშენდა. მანამდე კონცერტები მრავალფუნქციურ დარბაზებში იმართებოდა.

1857 წელს იმპერატორმა ფრანც იოსებმა გადაწყვიტა, დაენგრია ვენაში მდებარე შუა საუკუნეების გალავანი და მის ადგილზე ბულვარი გაეშენებინა.  ამ ბულვარზე, კარლოსის ტაძრის პირდაპირ, მდებარე მიწის ნაკვეთი იმპერატორმა მუსიკის მეგობართა საზოგადოებას უბოძა ახალი შენობის ასაშენებლად, რადგან ძველი შენობა ძალიან პატარა იყო და უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა საზოგადოების გაზრდილ მოთხოვნებს. ამ გრანდიოზული მშენებლობისთვის ფინანსები სახელმწიფო ხაზინის გარდა, კერძო ინვესტორებმა და თვით მუსიკის მეგობართა საზოგადოების წევრებმაც გაიღეს.

შენობის პროექტი დანიური წარმოშობის არქიტექტორს თეოდორ ჰანსენს შეუკვეთეს. ჰანსენი ვენაში ჩამოსვლამდე, რვა წელი ათენში სწავლობდა და მუშაობდა. არქიტექტორის ბერძნული კლასიკური ეპოქის ესთეტიკით გატაცება შენობის ყველა ელემენტს ეტყობა. აქ ინტერიერის თუ ექსტერიერის დიზაინში ნახავთ იონურ სვეტებს, კარიატიდებს, კლასიკური ეპოქის ბერძნული ტაძრებისთვის დამახასიათებელ ჭერს, აპოლონს თავისი მუზებით და ორფეოსით დამშვენებულ შენობის ფრონტონს. მუსიკფერაინის ინტერიერის ფერთა

ქართველი მუსიკოსები ბრამსის დარბაზის სცენაზე

გამაშიც იკითხება კლასიკური საბერძნეთის პოლიქრომია. როგორც ამბობენ, ჰანსენმა „შექმნა კლასიკური გარემო კლასიკური მუსიკის შესასრულებლად“. მაშინ ამ შენობაში ორი საკონცერტო დარბაზი იყო. ოქროს დარბაზად წოდებული დიდი დარბაზი 2000 მაყურებელს იტევს და ორღანიც აქ „ცხოვრობს“. მცირე დარბაზი 600 მაყურებლისთვის და კამერული მუსიკისთვისაა შექმნილი. ამ დარბაზს მეოცე საუკუნეში ბრამსის სახელი დაარქვეს.

პირველი კონცერტი მუსიკფერაინის დიდ დარბაზში 1870 წლის 6 იანვარს გაიმართა. თვითმხილველი მუსიკისმცოდნე ედუარდ ჰანსლიკი წერს, რომ მაყურებელი „მოხიბლა არქიტექტურის არაჩვეულებრივმა ჰარმონიამ“. პირველმა კონცერტმა ისიც  გამოავლინა, რომ ამ დარბაზს, თვალით აღსაქმელ მშვენიერებასთან ერთად, ზღაპრული აკუსტიკაც აქვს. მართალია, ჰანსენს არ ჰყოლია აკუსტიკის ინჟინრები, რადგან მაშინ ეს დარგი საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ მუსიკფერაინის დარბაზების აკუსტიკა დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში. თანამედროვენი   ბევრს იკვლევენ, თუ რა განაპირობებს ამას, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როგორ მოხერხდა  XIX  საუკუნეში ამის მიღწევა.

მუსიკფერაინის საკონცერტო დარბაზები არაერთხელ შეაკეთეს და განაახლეს. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, დაბომბვის დროს, ოქროს

შუშის დარბაზი 📷 ვოლფ-დიტერ გრაბნერი

დარბაზის ნაწილი დაინგრა. განსაკუთრებით უიღბლო ორღანი გამოდგა; რამდენჯერმე მოუხდათ მისი შეკეთება თუ გამოცვლა.

ახალი ათასწლეულის დადგომასთან ერთად, მუსიკფერაინის გაფართოება კვლავ გახდა საჭირო.  მუსიკის სასახლის ქვეშ, 20 მეტრის სიღრმეზე მიწაში, სხვადასხვა ფუნქციის მქონე ოთხი ახალი  დარბაზი ააშენეს. ამ დარბაზების  კონცეფციის ავტორია ავსტრიელი არქიტექტორი ვილჰელმ ჰოლცბაუერი. ჰოლცბაუერის გუნდმა ოქროს დარბაზის ესთეტიკის თანამედროვე  ინტერპრეტაცია შექმნა. ოთხი ახალი დარბაზიდან, ყველაზე დიდი ოქროსფერია, ისე როგორც მუსიკფერაინის ყველაზე დიდი  დარბაზი, მაგრამ აქ წამყვანი ელემენტი შუშაა და მას შუშის დარბაზს უწოდებენ. კიდევ არის მეტალის, ქვის და ხის დარბაზები. ყველა ეს დარბაზი თანამედროვე მინიმალისტური ხერხებით არის გაფორმებული.

ამგვარად, ვენის მუსიკის მეგობართა საზოგადოება ორ საუკუნეზე მეტს ითვლის, ხოლო მისი მუსიკის ტაძარი, მუსიკფერაინი, წელს 150 წლის გახდა. ჩვენი ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას ჩამოვთვალოთ ყველა დიდი მუსიკოსი, რომლის სახელიც ვენის  მუსიკფერაინს თუ მუსიკის მეგობართა საზოგადოებას უკავშირდება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დღეს მუსიკფერაინის სცენა ის ოლიმპია, რომელზე ასვლასაც კლასიკური მუსიკის ყველა შემქმნელი და შემსრულებელი  ლამობს.

 

                                                                                                                                                                                                                 

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *