უცნობი იოვანა

 უცნობი იოვანა

ანი უძილაური                                                              თეა ფარულავა       

 

საქართველოს მოქალაქეების ორმოცდაათს გადაშორებულ თაობებს კარგად ახსოვთ ლამაზი ბერძენი ქალი, რომელიც რევაზ ლაღიძის “თბილისოს” ქართულად მღეროდა. საბჭოთა კავშირში მას იოვანად იცნობდნენ და ძალიან პოპულარული იყო.

იოანა  ფასოუ კალპაქსი 1938 წელს დაიბადა საბერძნეთში. 14 წლისა ის უკვე საოპერო მომღერლობისთვის ემზადებოდა ათენის კონსერვატორიაში და იოვანას ფსევდონიმით გამოდიოდა სცენაზე. მან წარმატებით დაამთავრა კონსერვატორია, მაგრამ ოპერის მომღერალი არ გახდა და ესტრადა არჩია. 1960-იანი წლებიდან  იოვანა ბერძნულ და საერთაშორისო სასიმღერო ფესტივალებზე გამოდიოდა. 1962 წელს მან სოპოტის (პოლონეთი) საერთაშორისო სასიმღერო ფესტივალზე პირველი პრიზი მოიპოვა და მთელ ევროპაში გაითქვა სახელი. 1965 წელს ის ევროვიზიის სასიმღერო კონკურსშიც მონაწილეობდა. იოვანა 1980-იან წლებშიც წარმატებით გამოდიოდა სცენაზე და გამოსცემდა აუდიოალბომებს.

მეოცე საუკუნის ბოლო დეკადაში იოვანა ქრება ევროპული ესტრადიდან. საქართველოში ეს ის ხანაა, როცა კონცერტებისთვის ნაკლებად გვეცალა და გასტროლებზეც იშვიათად თუ ჩამოდიოდა ვინმე. ამიტომ არავის გაკვირვებია, ოდესღაც ასე პოპულარული, ბერძენი მომღერლის გაუჩინარება.

იოვანამ უკვე 80 წელს გადააბიჯა და მიზეზთა გამო, რახანია ესტრადაზე აღარ გამოდის. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა და საბერძნეთთან დიპლომატიური კავშირი აღადგინა, იოვანა კვლავ გამოჩნდა საქართველოში თუ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მსმენელის წინაშე. ის გამონაკლისის სახით, მცირერიცხოვანი ქართული პუბლიკისთვის ორ ქართულ სიმღერას „სულიკოს“ და „თბილისოს“ ასრულებს ხოლმე. იოვანა არასოდეს ამბობს უარს ათენში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე და საქართველოში სტუმრობაზე. 2011 წელს იოვანა თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა და 2017 წელს საბერძნეთში საქართველოს ელჩმა ქართველი და ბერძენი ხალხის დაახლოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის იგი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

იოვანა საბერძნეთში კვლავაც ძალიან პოპულარულია, ოღონდ არა როგორც მომღერალი. ჩვენ მას ათენში შევხვდით და გავესაუბრეთ. ვფიქრობთ, ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება იმ იოვანასთან შეხვედრა, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ.

-თუ შეიძლება, მოგვიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ.

-ჩემი ცხოვრების გზა იყო გრძელი და რთული. ბავშვობიდან მომღერლობისთვის ვემზადებოდი; ვისწავლე უცხო ენები; დავამთავრე ათენის კონსერვატორია, ოპერის საუკეთესო სასწავლებელი. ვმღეროდი ინსტინქტურად, არ მქონდა გააზრებული ის ყველაფერი, რაც ახლა გავისიგრძეგანე. ვითანამშრომლე საუკეთესო კომპოზიტორებთან:  თეოდორაკისთან, ქსანთაკოსთან. ეს თანამშრომლობა გარდამტეხი აღმოჩნდა  ჩემთვის, მომღერლის კარიერისთვის.

მნიშვნელოვანი იყო  საზღვარგარეთ გაკეთებული კარიერა,  პოლონეთში გამართულ მუსიკალურ კონკურსში  პირველი ადგილი ავიღე. შემდეგ, დიდ სიმფონიურ ორკესტრთან გავაფორმე კონტრაქტი.

-საქართველოს და რევაზ ლაღიძის შემოქმედებას როგორ დაუკავშირდით?

 –დიდ ორკესტრთან ერთად საბჭოთა კავშირში მქონდა გასტროლები და ყირიმში ყოფნის დროს გადაწყდა საქართველოში წასვლა. მომინდა, იქ ქართული სიმღერა შემესრულებინა. ჩვენი ჯგუფიდან ერთ-ერთს აღმოაჩნდა ქართული სიმღერის ნოტები; ეს იყო რევაზ ლაღიძის „თბილისო“. გადავწყვიტე, ქართულად მესწავლა ეს სიმღერა. ვეძებდი ადამიანს, ვისაც ქართული ეცოდინებოდა. ყირიმში, სადღაც კიბეებზე ვისხედით და ყველა დიდთვალება, შავგვრემან გამვლელს ვეკითხებოდით, „ქართველი ხარ?“ როგორც იქნა ვიპოვეთ ქართველი, რომელმაც მიკარნახა სიმღერის ტექსტი და მე ის ლათინური ასოებით ჩავიწერე. ასე ვისწავლე „თბილისო“ ქართულად. ლუის ფლესასი დირიჟორობდა დიდ ორკესტრს და თბილისში. ეს სიმღერა პირველად რუსულად შევასრულე, მერე ქართულად. როდესაც მეორედ ჩამოვედი, გადავწყვიტე მხოლოდ ქართულად მემღერა.

შემდეგ უკვე იცით… ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ საბჭოთა პერიოდში ჩატარებული გასტროლები აღმოჩნდა.

ჩემი დიდი და გასაოცარი ურთიერთობა საქართველოსთანაც… აღმოვაჩინე ჩემი ალტერეგო, სულიერი კავშირი დავამყარე ქართველებთან, რომლებიც შევიყვარე და რომლებმაც შემიყვარეს. მათ ცხოვრებაში მომცეს ისეთი საჩუქარი, რომელიც მანამდე არასოდეს მქონია. ძალიან მიყვარს თქვენი პატრიარქი ილია მეორე. თბილისში ქუჩაში რომ გავდივარ, ხალხი დღემდე მცნობს.

-მაგრამ არის ისეთი იოვანაც, რომელსაც ქართველები არ იცნობენ. რატომ დატოვეთ სცენა?

-ძალიან რთულია ამაზე პასუხი. დგება ადამიანის ცხოვრებაში წუთები, როდესაც აღმასვლას დაღმასვლა მოჰყვება. მეც იმ პერიოდში დამეხურა სიმღერის კარი; ვეღარ ვმღეროდი ისე, როგორც მინდოდა… დადგა დრო, როდესაც საკუთარი თავი უნდა მეპოვა, რომელიც მთელი ეს ხანი დაკარგული იყო.

რაღაც პერიოდში საკუთარ თავში ჩავიკეტე და დავიწყე წერა, რასაც ჰქვია, თავით გადავეშვი მწერლობის მორევში. ვიყავი იანის რიცოსის მოსწავლე. მან მაზიარა დიდ პოეზიას, პოეზიის საწყისებს. სწორედ მისი დახმარებით გამოვეცი ჩემი პირველი პოეტური კრებული, რომლის სათაურიც მან მოიფიქრა.

მადლიერი ვარ, რომ წერამ საკუთარი თავი გამომახატვინა, ვნახე ვინ ვარ… ახლა თავისუფალი ვარ, აღარ მეშინია, ვიცნობ ადამიანს, უკეთ შევიცანი ის, ვქმნი ჩემი ნაწარმოებების პერსონაჟებს. ვწერ ლექსებს და ბედნიერი ვარ, რომ პოეზიას არ აქვს საზღვრები, ის ჰორიზონტს სცდება, მას ვერავინ აკრიტიკებს. ახლა უკვე ჩემი თავი ხელში მიჭირავს. მგონი, ვიპოვე ის, რაც გამომხატავს და რაც ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც ამ ქვეყნად მოვედი; ეს არის სათნოება და სიყვარული.

-პროზა და პოეზია… რომელი უკეთესად გამოხატავს იოვანას სათქმელს?

-ჩემთვის მთავარი მაინც პოეზიაა. ჩემი პროზაც პოეზიითაა ნასაზრდოები. მაგრამ მე რომ მკითხოთ, პირველ რიგში მომღერალი ვარ, შემდეგ პოეტი და ბოლოს პროზაიკოსი.

-ბერძნული მწერლობა თითქმის სამ ათასწლეულს ითვლის და ვისგან არის ყველაზე მეტად დავალებული თქვენი შემოქმედება?

-სულიერად ბერძენი პოეტი ტასოს ლივადიტისი ყველაზე ახლოსაა ჩემთან. მისი სული ირეკლება ჩემს სულში; მისი წერის მანერა და ფორმა, რომლითაც გამოხატავს თავის სულიერ სამყაროს.

ასევე ძალიან ტკბილი და ჰუმანური პოეტია თურქი ნაზიმ ჰიქმეთი, ასევე ჩილელი პაბლო ნერუდა, ის ძალიან მაღალფარდოვანად წერს.  მაგრამ ის, ვინც ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა, თუ არ ჩავთვლით ელიტისს, მის „მონოგრამას“ და „ენ ლევკოს“, არის მაინც ტასოს ლივადიტისი, რომელიც მე სულ სხვაგან მამოგზაურებს.

 –ქართველი მწერლებიდან თუ იცნობთ რომელიმეს?

-ქართველ მწერლებს არ ვიცნობ. ახლა წავიკითხე ბესიკ ხარანაულის „ხეიბარი თოჯინა“. ძალიან რთული პოეტია, ნელ-ნელა ვკითხულობ, უნდა ჩაუღრმავდე, შეიცნო მისი თითის ანაბეჭდები, ჩაწვდე, თუ ვინ არის. ეს წიგნი თავსტუმალთან მიდევს, აუჩქარებლად და დაკვირვებით ვკითხულობ, და ნელ-ნელა ვიაზრებ მის პოეზიას. ძალიან მყარი, ძლიერი პოეტია. ვთვლი, რომ მთელს ამ პოეტურ თრთოლვასთან ერთად, მის პოეზიაში ძალიან მკაცრი რეალობა ირეკლება. ეს რეალობა ძალიან რთულია, ქვასავით მყარია.

 –თქვენი ნაწარმოებებიდან, რომელი იქნება უფრო მისაღები ქართველი მკითხველისთვის?

-ჩემი პირველი და ბოლო სამი პოეტური კრებული. რომანებიდან არ ვიცი, რომელს ვურჩევდი ქართველ მკითხველს, რომელი მოერგებოდა მას, როგორი მსოფლმხედველობა. ჩემს ყველა ნაწარმოებს კითხულობს ხალხი, არ ვიცი…. ქართველები ყოველთვის ჩემს გულში და გონებაში არიან, ისინი ჩემთან ერთად ქმნიან ჩემი ცხოვრების მრწამსს; მაგრამ მაინც არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე… შეიძლება, ჩემი ბოლო რომანი „სიხარულთან შეთანხმება“?! ის ერთი თვის წინ გამოიცა და ჩემი 22-ე წიგნია. ეს არის ადამიანის თავისუფლების ჰიმნი, ამბავი ქალისა, რომელიც ქორწინებაში შებორკილია და ერთ დღესაც წერტილს უსვამს ამ ყველაფერს, რათა გათავისუფლდეს.

 დღეს იოვანა საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალია. მის მიერ დაწერილი 22 წიგნიდან, არაერთი გახდა ბესტსელერი და არაერთი იქცა ფილმის, სატელევიზიო  თუ თეატრალური წარმოდგენის სცენარად. იმედია, ქართველ მკითხველსაც ექნება საშუალება, გაეცნოს მწერალ იოვანას.       

 

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *