ფიქრები ავღანეთზე, ანუ ამბავი ხოჯესტასა და აჰმადისა

ფიქრები ავღანეთზე, ანუ ამბავი ხოჯესტასა და აჰმადისა

 

2010 წელს გაეროს განვითარების პროგრამის კონფერენციაზე ვიყავი მაროკოში.  ღონისძიებაში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის ორი ავღანელი ახალგაზრდა იყო, ქალი და კაცი, 25-30 წლისანი იქნებოდნენ. ისინი პირველი ავღანელები იყვნენ, ვინც გავიცანი; მანამდე ავღანელი მხოლოდ ეკრანზე მყავდა ნანახი. ჩემს წარმოდგენაში, ავღანელი აუცილებლად წვერიანი, თავწაკრული, კალაშნიკოვმომარჯვებული ჯეელი ან ჩადრიანი ქალი უნდა ყოფილიყო.

კონფერენციის მონაწილე ხოჯესტა და აჰმადი კი, ევროპულად ჩაცმული, სიმპათიური, სამხრეთულად შავგვრემანი ახალგაზრდები იყვნენ. თავი იმით დამამახსოვრეს, რომ სხვებზე მეტად აქტიურობდნენ; სხდომაზე კითხვა-პასუხის სესია ისე არ ჩაივლიდა, რომ მომხსენებლისთვის რამე არ ეკითხათ, ან კომენტარი არ გაეკეთებინათ. ცხადი იყო, რომ საკითხებში სიღრმისეულად ერკვეოდნენ, კარგად იცოდნენ რა სჭირდებოდა მათ ქვეყანას და ცდილობდნენ ზედმიწევნით გარკვეულიყვნენ გაეროს დახმარებების დახლართულ საქმეში.

კონფერენციის შემდეგ მარაკეშიდან სტამბულამდე ერთი რეისით ვიფრინეთ და გვერდიგვერდ ვისხედით. ცხადია, მთელი გზა ვსაუბრობდით. ძირითადად ისინი მიკმაყოფილებდნენ ცნობისმოყვარეობას ავღანეთის თანამედროვეობაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოზე, ხალხის განწყობებზე. აჰმადს და ხოჯესტას უმაღლესი განათლება ბრიტანეთში (ჩევენინგის სტიპენდიით) მიეღოთ და სამშობლოში დაბრუნებულები ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობდნენ. იმ საუბარმა მთლიანად შემიცვალა წარმოდგენა ავღანეთზე. სტამბულის აეროპორტში ჩვენი გზები იყოფოდა, მაგრამ გაფრენამდე დრო გვქონდა; ბლომად ჩაი დავლიეთ, ბაქლავას გეახელით და საუბარიც განვაგრძეთ. ბოლოს მე და ჩემმა ავღანელმა კოლეგებმა სავიზიტო ბარათები გავცვალეთ, კონტაქტზე ყოფნის პირობა დავდეთ და ერთმანეთს გზა დავულოცეთ.

ამ ორი ახალგაზრდასთან შეხვედრამ დამანახვა, თუ როგორ დაუღალავად შრომობს ავღანეთის ახალი თაობა, როგორი სწორი ფასეულობები აქვთ და როგორ სჯერათ ნათელი მომავლის.

მას შემდეგ რამდენჯერმე მართლაც შევხმიანდით მიმოწერის მეშვეობით; მათ ახალი წელი მომილოცეს, მე კი _ ნოვრუზი.

რამდენიმე თვეში ქაბულში მქონდა მივლინება; ვიზიტი ხანმოკლე, ნახევარდღიანი იყო. მეგობრების მონახულებას ვერ მოვასწრებდი. დრო რომც მქონოდა, უსაფრთხოების მიზეზით, დელეგაციიდან გამოყოფის და ქალაქში გასეირნების უფლებას არავინ მომცემდა. ამიტომ აჰმადს დავურეკე და მოვიკითხე. ჩემი ახალგაზრდა მეგობარი რომ გამეხარებინა, ვუთხარი, რომ მოხიბლული ვარ ქაბულით, რომელმაც სინამდვილეში ძალიან დამთრგუნა. აჰმადს ძალიან დაწყდა გული, რომ შეხვედრას ვერ ვახერხებდით. მთხოვა, ხუთ წუთში თავიდან დამერეკა. ამასობაში ხოჯესტა მოუძებნია და უკვე სამივემ ვისაუბრეთ. პირობა ჩამომართვეს, თუ კიდევ მომიწევდა ქაბულში ჩასვლა, მათთან შეხვედრა წინასწარ დამეგეგმა.

ერთი წლის შემდეგ, მართლაც ჩავედი ქაბულში ხელმეორედ, მაგრამ მეგობრებს უკვე აღარ შევეხმიანე. ვერც მაშინ მოვახერხებდი დამოუკიდებლად ქალაქში გასვლას და არ მინდოდა, კვლავ გამეწბილებინა პატიოსანი ადამიანები.

გავიდა დრო და, როგორც ჩვეულებრივად ხდება, უცებ დაწყებული ნაცნობობა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.

ეს ყველაფერი 11 წლის წინ იყო. დღეს, ცნობილ მიზეზთა გამო, ავღანეთი საერთაშორისო პოლიტიკის და პრესის ყურადღების ცენტრშია.  უამრავი სტატია იწერება, ტელევიზორის ეკრანიდანაც ექსპერტები თუ პოლიტიკოსები სულ ავღანეთს მიმოიხილავენ. მსოფლიოს თავკაცები, დიდები და პატარები, შვიდეულები და ოცეულები შეხვედრას შეხვედრაზე მართავენ. საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ორი ათეული წლის განმავლობაში ყველაზე მეტად აქტიურობდნენ ავღანეთში, ვირტუალურ თუ ფიზიკურ სხდომებს ატარებენ.

მთელს ამ აურზაურს კი, ლეიტმოტივად გასდევს კითხვა – როგორ გავუმკლავდეთ ლტოლვილთა ნაკადს, რომელიც ავღანეთიდან დაიძვრება უფრო დალხინებული სამყაროსკენ? შიგადაშიგ ქალთა უფლებებზეც ლაპარაკობენ ხოლმე, მაგრამ ეს ისე, უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად თუ ღირსების შესანარჩუნებლად.

მინდა გითხრათ, რომ ხოჯესტა და აჰმადი  „ნაკადი“ არ არიან;  ისინი და მათი ათიათასობით თანამემამულე, არიან გულანთებული ავღანელი ახალგაზრდები, რომლებსაც უნდოდათ, რომ ცივილიზებული ქვეყანა აეშენებინათ, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბოლომდე გვერდში დავუდგებოდით ამ დაუნდობელ ბრძოლაში და შუა გზაზე არ მივატოვებდით; იმედი ჰქონდათ, რომ მათი შვილების ერთადერთი სათამაშო კალაშნიკოვის ავტომატი არ იქნებოდა.

იმედია, ხოჯესტა და აჰმადიც არიან თვითმფრინავის სალონში გადაღებულ იმ ფოტოზე, რომელიც ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ ნახა.  თუმცა, ვინ იცის, იქნებ, ადრევე მიხვდნენ, რომ მათ სამშობლოს მომავალი აღარ ჰქონდა და დროულად უშველეს თავს. ღმერთმა მშვიდობა მისცეს ყველა ავღანელს, ვინც, იმ თუ სხვა, ნაკადში ვერ მოხვდა!

 

დათო უჩაძე

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *