საახალწლო ზღაპარი ვენაში – ქართველების მონაწილეობით

საახალწლო ზღაპარი ვენაში – ქართველების მონაწილეობით

    ფოტო: Diter Nagl ვენის ფილარმონიისთვის

ვენის ფილარმონიის ორკესტრი საახალწლოდ (30 დეკემბერს, 31 დეკემბერს, 1 იანვარს) სამ კონცერტს მართავს. სამივე კონცერტს ერთნაირი პროგრამა აქვს და აქ მხოლოდ შტრაუსების მუსიკოსთა დინასტიის წარმომადგენლების და მათი თანამედროვეების მიერ შექმნილი, ეგრეთ წოდებული, „ვენური მუსიკა“ ჟღერს.

შტრაუსებისადმი მიძღვნილი საახალწლო კონცერტი პირველად 1939 წელს გაიმართა და მას მერე ბევრი ცვლილება შეიტანეს მისი გამართვის წესში. ბევრჯერ შეიცვალა ამ კონცერტის დირიჟორიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს პოლიტიკური მიზეზითაც კი მოხდა. დღეს დირიჟორის შეცვლა უკვე ტრადიციაა და უცვლელი მხოლოდ ის დარჩა, რომ ამ კონცერტს ყოველთვის მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი წარუძღვება-ხოლმე. მათ შორის ვისაც ეს პატივი ხვდა წილად არიან: კლემენს კრაუსი, ვილი ბოსკოვსკი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, კლაუდიო აბადოზუბინ მეტა, დანიელ ბარენბოიმი და გუსტავო დუდამელი.

ვენის ფილარმონიის ორკესტრის საახალწლო კონცერტი იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ ის პანდემიამაც ვერ გააუქმა და 2021 წელს ის ცარიელ დარბაზში გაიმართა და მხოლოდ ერთხელ.

ვენის ფილარმონიის სახელგანთქმულ ორკესტრს, რომელსაც ასეთივე დირიჟორი ხელმძღვანელობს, წარმოდგენისთვის ზღაპრული სცენა მოუძებნეს და ეს კონცერტები XIX საუკუნეში აგებულ მუსიკფერაინის (მუსიკის მეგობართა საზოგადოების) ოქროს დარბაზში იმართება. ამ ნაგებობის არქიტექტურა ბერძნული კლასიკური ეპოქის ესთეტიკითაა გაჯერებული.  აქ ინტერიერის თუ ექსტერიერის დიზაინში ნახავთ იონურ სვეტებს, კარიატიდებს, კლასიკური ეპოქის ბერძნული ტაძრებისთვის დამახასიათებელ ჭერს, აპოლონს  თავისი მუზებით და ორფეოსით დამშვენებულ ფრონტონს. ინტერიერის ფერთა გამაშიც იკითხება კლასიკური საბერძნეთის პოლიქრომია. როგორც ამბობენ, ეს არის „კლასიკური გარემო კლასიკური მუსიკის შესასრულებლად“.

ამ საოცარ დარბაზს თუ კიდევ დამშვენება დასჭირდებოდა ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ საახალწლო კონცერტისთვის აქაურობას  საგანგებოდ რთავენ ყვავილებით და 1 იანვრის კონცერტის შემდეგ ეს ყვავილები მაყურებლებს შინ მიაქვთ, რომ საზეიმო განწყობა გაიხანგრძლივონ.

წლევანდელი კონცერტის დირიჟორი გახლდათ ავსტრიელი ფრანც ველზერ-მოსტი. ის კლასიკური მუსიკის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დირიჟორადაა მიჩნეული და უკვე მესამედ წარუძღვა საახალწლო კონცერტებს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ წელს არაერთი ისეთი თხზულება შესრულდა, რომელიც ადრე არასდროს დაუკრავთ ამ კონცერტებზე. გარდა ამისა, ფრანც ველზერ-მოსტმა გადაწყვიტა, წლევანდელ კონცერტზე „ვენის ბიჭების გუნდთან” ერთად „ვენის გოგონების გუნდის“ 10 წევრსაც ემღერა, რაც ადრე არასოდეს მომხდარა. სწორედ ამ გოგონათა შორის იყო 14 წლის ანა დონდუა.

ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იწყებენ ამ გრანდიოზული ღონისძიებისთვის მზადებას მუსიკოსები, ფლორისტები თუ ჟურნალისტები, მაგრამ მაყურებელი კი, ნამდვილად ერთი წლით ადრე უნდა დარეგისტრირდეს, თუ უნდა რომ ბილეთი ერგოს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რა ღირს ბილეთი. სავარაუდოდ, ვენის ფილარმონიის საახალწლო კონცერტი  ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული წარმოდგენაა მსოფლიოში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბილეთები ყოველთვის იყიდება, ფეხზე სადგომიც კი. ავსტრიელებს ძალიან უყვართ კლასიკური მუსიკა, რომელიც მათი ეროვნული მეობის ნაწილია და ტრადიციებსაც პატივს სცემენ. აქ ბევრი მოდის ავსტრიულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი. ასევე ბევრია აზიური თუ აფრიკული სამოსით, რადგან მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მუსიკის მოყვარულები ვენაში, რომ ამ ზღაპრის მონაწილენი გახდნენ.

მუსიკფერაინის ოქროს დარბაზში სულ 2000 ადგილია. ვენური მუსიკის მოყვარული კი ბევრად მეტია, ამიტომ 1 იანვარს კონცერტი 90-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით. კონცერტის სატელევიზიო ვერსიას ქორეოგრაფიული ნაწილიც აქვს. მოგეხსენებათ, შტრაუსების შემოქმედებას საცეკვაო მუსიკა არ აკლია და ტელევიზორის მაყურებელთათვის იდგმება რამდენიმე ცეკვა საკონცერტო პროგრამიდან. ამ ცეკვებს მხოლოდ ტელემაყურებლები ნახულობენ, დარბაზში მჯდომები და რადიოს მსმენელი მოკლებულია ამ სანახაობას. წლევანდელი სატელევიზიო ვერსიის მოცეკვავეთა შორის იყო ვენის სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ქეთევან პაპავაც.

მართალია, ყოველ წელს დირიჟორი წყვეტს, რომელი ნაწარმოებები აჟღერდება საახალწლო კონცერტზე, მაგრამ არის დამკვიდრებული ტრადიცია, რომ ბისზე ორკესტრი უმცროსი იოჰან შტრაუსის „მშვენიერ ლურჯ დუნაის“ და მამამისის „რადეცკის მარშს“ უკრავს. მარშის შესრულებაში პუბლიკაც მონაწილეობს ტაშის დაკვრით. თურმე მაესტრო ველზერ-მოსტი მიიჩნევს, რომ „რადეცკის მარში“  ტაშის გარეშე უკეთესად ჟღერს და ძალიან მაინტერესებდა, რა მოხდებოდა კონცერტზე. როგორც აღმოჩნდა, დირიჟორი, რომელსაც მთელი ორკესტრი და გუნდი თვალებში უყურებს, პუბლიკის ნებას და ტრადიციას ემორჩილება. მაშინ, როდესაც პუბლიკა უნდა ჩართულიყო მუსიკის შესრულებაში, მაესტრო ორკესტრს ზურგს აქცევდა და დარბაზს დირიჟორობდა.

ასეთი იყო საახალწლო ზღაპარი ვენაში, რომელშიც ორი ქართველი მონაწილეობდა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა და საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც პირდაპირ ეთერში აჩვენა.

 

 

თეა ფარულავა 

 

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *