ჯადოსნური ორმო ათენის აკროპოლისის მუზეუმში

ჯადოსნური ორმო ათენის აკროპოლისის მუზეუმში

ათენის აკროპოლისის პირველი მუზეუმი ბერძნებმა XIX საუკუნის მეორე ნახევარში შექმნეს. ამ დროისთვის აკროპოლისში, მიწის ქვეშ თუ მიწის ზემოთ, ნაპოვნი განძის დიდი ნაწილი უკვე გაზიდული ჰქონდათ თურქებსა თუ ბრიტანელებს. მას შემდეგ მუზეუმი არაერთხელ გაფართოვდა. მაგრამ მაინც ვერ იტევდა ყველაფერს. ღია ცის ქვეშ ვეღარ დატოვებდნენ იმ შედევრებს, რომელიც მძარცველებს გადაურჩნენ. ამიტომ 2009 წელს აკროპოლისის ფერდობის ძირში ახალი მუზეუმი გაიხსნა, რომლის ფართობი 21 000 კვადრატული მეტრია. დღეს ეს უნიკალური შენობა სამუზეუმო არქიტექტურის შედევრადაა მიჩნეული.

მუზეუმში დაცულია არქაული, კლასიკური და რომაული პერიოდების ბერძნული სახვითი თუ გამოყენებითი ხელოვნების არაერთი შედევრი. მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს მუზეუმი, ეგრეთ წოდებული, ელჯინის მარმარილოს კოლექციისთვის აშენდა. ეს ის შედევრებია, რომელიც პართენონიდან გაზიდა ოსმალეთის იმპერიაში ბრიტანეთის ელჩმა, ელჯინის გრაფმა, თომას ბრიუსმა 1799-1803 წლებში. ამჟამად ეს ფასდაუდებელი კოლექცია ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. ბერძნებმა არაერთხელ მოითხოვეს ელჯინის კოლექციის დაბრუნება. ერთ-ერთ ასეთ მოთხოვნაზე ბრიტანელებს უხუმრიათ, ჩვენს მუზეუმში უკეთ არის დაცული ეს განძი, ვიდრე თქვენს ჰაერდაბინძურებულ ათენში იქნებაო.  ამბობენ, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ბერძნებმა აკროპოლისის მუზეუმის თანამედროვე შენობის აგებაო. მუზეუმის ზედა სართულზე  პართენონის დარბაზი მდებარეობს, რომელიც ისევ ელოდება ელჯინის მარმარილოს კოლექციის დაბრუნებას.

მუზეუმში შესასვლელი გზა შუშისაა და ქვემოდან არქეოლოგიური სანახები მოჩანს. ეს გზა მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილია. მის შუაში კი ერთი ორმოა, რომელიც არქიტექტორებს შეგნებულად თავღია დაუტოვებიათ. ანტიკურ ორმოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე მონეტები ლაპლაპებენ. თურმე, ბევრს სჯერა, რომ თუ ორმოში ფულს ჩააგდებ და რამეს ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგიხდება. ამიტომაც ორმოსთან მუდამ ხალხმრავლობაა. ტურისტი ათენს არ აკლია და ცრუმორწმუნეებს კიდევ რა გამოლევს დუნიაზე; ჰოდა აქ სხვადასხვა მოდგმისა და რჯულის ადამიანები ხურდა ფულის ტყორცნებში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ერთხელაც უმცროს მეგობართან ერთად ვესტუმრე მუზეუმს და იმან შემომთავაზა, მოდი მონეტები ჩავყაროთო. გავეხუმრე, შენ ისროლე და მე გიგულშემატკივრებ-მეთქი. ის კი ჩამაცივდა, შენც ისროლე და აგერ ნახავ, თუ ჩანაფიქრი არ აგისრულდესო. თავიდან უარზე ვიყავი. იმიტომ კი არა, რომ ფული მენანებოდა, უბრალოდ ასეთი რამეების არ მწამს. ის კი არა, სხვების უაზრო აღტყინებაც მაღიზიანებს ხოლმე. მეგობარი კი თავისას არ იშლიდა და ჯიუტად ცდილობდა ჩემ დაყოლიებას. მხოლოდ იმიტომ, რომ ახლობელი არ გამეწბილებინა, ავდექი და, იანის ადეტოკუნბოსაც  რომ შეშურდება, ისეთი ზუსტი ტყორცნით მოვათავსე ორევროიანი ჯადოსნურ ორმოში. არის, სამი ქულა! ჩემს სამ ქულას, მეგობარმა თავისი სამიც შემატა და გეგონება ანტიკური ოლიმპიადა მოგვეგოს, ისე თავაწეულებმა განვაგრძეთ ტრიუმფალური სვლა მუზეუმისკენ. დაფნის გვირგვინებიღა აკლდა ჩვენს პატიოსან თავებს.

ერთი კვირაც არ იყო გასული, მეგობარი გახარებული მირეკავს, რაც და როგორც ჩავიფიქრე ზუსტად ისე ამიხდა ყველაფერიო. გულწრფელად გამიხარდა მისი ბედნიერება. ვიცოდი რთული პერიოდი ჰქონდა ცხოვრებაში და იმასაც ვხვდებოდი, რა ექნებოდა ჩაფიქრებული. შენკენ რა ხდებაო, დაინტერესდა. ეჰ, მე აბა  შენი იღბალი ვინ მარგუნა, ჯერ კიდევ ველოდები-მეთქი, ვეხუმრე. აუცილებლად აგიხდება, გული არ გაიტეხოო, დამაიმედა. თან არ ეზარებოდა და დროგამოშვებით მირეკავდა ამბის საკითხავად. ვუთხარი, როცა ამიხდება ჩანაფიქრი, აუცილებლად გაგაგებინებ-მეთქი.

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ეს ყველაფერი საერთოდ გადამავიწყდა. ეტყობა, ჩემმა მეგობარმაც ხელი ჩაიქნია და მეტი აღარც იმას უკითხავს სურვილის ასრულების შესახებ. ერთხელაც, საღამოს სასეირნოდ გავედი უბანში და, რამ გამახსენა არ ვიცი, ჯადოსნური ორმოს ამბავი ამომიტივტივდა. კიდევ ერთხელ გამიხარდა მეგობრის ნატვრის ასრულება. ჩემს თავზე კი გავიფიქრე, მაინც როგორ დამიყოლია ეს დაღვინებული კაცი იმ ბავშვმა-მეთქი. ამის გაფიქრება იყო და უცებ ტროტუარზე, ზუსტად ჩემ წინ ლამპიონის შუქზე რაღაცამ გაიბრჭყვიალა. კარგად რომ დავაკვირდი, ორევროიანი აღმოჩნდა! ავიღე მონეტა. გავიხედ-გამოვიხედე, პატრონი რომ ვერ დავინახე, რაღა მექნა, ფული ჯიბეში ჩავიდე და სეირნობა განვაგრძე.

ჰოდა, ყველას გირჩევთ, ათენის აკროპოლისის მუზეუმში თუ მოხვდებით, შუშის ბილიკი ისე არ გაიაროთ, რამე არ ჩაიფიქროთ და ჯადოსნურ ორმოში მონეტა არ სტყორცნოთ. თუ ჩემსავით უიღბლო აღმოჩნდით და ნატვრა არ აგიხდათ, ის მაინც იცოდეთ, რომ ფული სრულად დაგიბრუნდებათ. ასე, რომ არაფერს რისკავთ. როგორც ამერიკელები იტყვიან, Satisfaction or money back is guaranteed!

დიტო დიამანტიდი

 

 

 

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *