26 მაისი ვენაში

26 მაისი ვენაში

წლევანდელი 26 მაისი ვენის ქართულმა სათვისტომო ორგანიზაციებმა განსაკუთრებულად აღნიშნა. ალბათ ერთი მხრივ იმიტომ, რომ ადამიანებს ხალხმრავლობა მოენატრათ და მეორე მხრივ, ყველაფერს, რაც ხდება, იმ ომის „მუსიკა“ ახლავს ფონად, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს.
ვენის ცენტრში მდებარე ქართულ რესტორანში „მოდი 1080“ ქართველებმა ხინკლის და ხაჭაპურის მომზადების გაკვეთილები გამართეს. რესტორანი გაივსო ქართული სამზარეულოთი დაინტერესებული სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებით; რა ენას აღარ გაიგონებდი იქ. ახვევდნენ ხაჭაპურებს და ხინკლებს, ჭამდნენ საკუთარ თუ მეგობრის ნახელავს და სვამდნენ კითხვებს საქართველოს, ქართული ანბანის, ქართული ენის, ქართული ცეკვისა თუ მუსიკის და კიდევ ათასი რამის შესახებ. მსურველებს ქართული სუვენირების და წიგნების შეძენაც შეეძლოთ. ამ გასტრონომიულ ფესტივალს ქართველი მუსიკოსების კონცერტიც მოჰყვა და ქართველებმა ქართველი, უკრაინული სხვა ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ევროპის შუაგულში ითვლიდნენ ხინკლის ნაკეცებს, ცდილობდნენ ხაჭაპურიდან ყველი არ გაპარულიყო, სვამდნენ ქართულ ღვინოს, უსმენდნენ ქართველ მუსიკოსებს; იყო ბევრი გაოცება, აღფრთოვანება, სიხარული, ტაში და მადლიერება. შემოსული ფული კი მთლიანად უკრაინაში წავიდა.

ამ ძალიან საინტერესო, ხალხმრავალი და საჭირო ღონისძიების უკან დგანან ვენაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ავსტრიაში რეგისტრირებულ რამდენიმე სათვისტომო ორგანიზაციაში არიან გაერთიანებული. როგორც გვითხრეს, ამ ყველაფრის მიზანი იყო ევროპაში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და იმ მითის დამსხვრევა, რომ ყველანი, ვინც ოდესღაც რუსეთის იმპერიაში ვცხოვრობდით, რუსები ვართ (როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამტკიცებს). უდავოა, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და წვლილი შეიტანეს ჩვენი სამშობლოს პოპულარიზაციის საქმეში.

Share

One thought on “26 მაისი ვენაში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *