ავსტრია ნაბიჯ-ნაბიჯ ნორმალურ ვითარებას უბრუნდება

ავსტრია ნაბიჯ-ნაბიჯ ნორმალურ ვითარებას უბრუნდება

დღეს ავსტრიაში მოქმედებს ე. წ. 3 G (Getestet-ტესტირება, Geimpft-აცრა, Genesen-დაავადების მოხდა) კოვიდრეგულაცია; ამ სამიდან ერთ-ერთი G მაინც უნდა დაადასტურო, რომ შეხვიდე რესტორანში, სამედიცინო დაწესებულებაში, სპორტულ დარბაზში და სხვა. ავსტრიის კანცლერი, სებასტიან კურცი, გეგმავს, შეასრულოს მოსახლეობისთვის მიცემული პირობა, ზაფხულისთვის  „ნორმალურ ვითარებას“ დავუბრუნდებითო.

10 ივნისიდან:

  • კომენდანტის საათი (22:00 საათის ნაცვლად) შუაღამეს დაიწყება; რესტორნები შუაღამემდე იქნება ღია; შეიძლება, სპორტული და კულტურული ღონისძიებებიც შუარამემდე გაგრძელდეს;
  • დახურულ სივრცეში რვა ზრდასრულ ადამიანს შეეძლება შეკრება, ღიაში – თექვსმეტს;
  • კულტურული და სპორტული ღონისძიების სივრცეში ნებადართული იქნება არსებული ადგილების (50%-ის ნაცვლად) 75%-ის შევსება;
  • დასასვენებელ, სპორტულ და გამაჯანსაღებელ ცენტრებში ერთი ადამიანისთვის საჭირო სივრცე 10 მ 2 იქნება; ამიტომ მეტ ადამიანს ექნება ამ დაწესებულებების გამოყენების საშუალება;
  • ადამიანებს შორის სავალდებულო დისტანცია (ნაცვლად ორისა) ერთი მეტრი იქნება;
  • ტესტირება სავალდებულო იქნება მხოლოდ იმ ბავშვებისთვის, ვისაც 12 წელი შეუსრულდა (ახლა 10 წლისებისთვისაც სავალდებულოა);
  • აცრილებისთვის, ტესტირებულებისთვის და კოვიდ მოხდილებისთვის ღია სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. მაღაზიებში (ტრანსპორტსა და სკოლებში ნიღბის ტარება ისევ ყველასთვის სავალდებულო იქნება).

 1 ივლისიდან:

  • კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, იმდენი მაყურებელი დაიშვება, რამდენი ადგილიც არის;
  • აღარ იქნება შეზღუდული რესტორნებსა და კაფეებში ერთ მაგიდასთან მსხდომთა რაოდენობა.

ამ ყველაფერთან ერთად, ცდილობენ, შეამცირონ ავსტრიის საზღვრზე შექმნილი საცობები. ამიტომ, შემოსვლის ნებართვის მისაღებად წინასწარ ფორმულარის შევსება მხოლოდ მას დაჭირდება, ვინც მაღალი რისკის ზონიდან ჩამოდის. ხელისუფლება იმაზეც მსჯელობს სავალდებულო უნდა იყოს, თუ არა საგანგებო (FFP2) ნიღაბი, თუ საკმარისი იქნება ცხვირ-პირის დაფარვა ნებისმიერი საშუალებით.

ივნისის მეორე ნახევარში   ავსტრიაში უკვე ამუშავდება  ციფრული მწვანე ბარათი; სადაც განთავსდება ინფორმაცია მფლობელის  3G სტატუსის შესახებ. ივლისიდან კი უკვე  ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერტიფიკატი შევა ძალაში, რომელიც კავშირის 27 ქვეყანაში იმოქმედებს.

 

 

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *