რატომ ჩამოქვეითდა ვენა?

რატომ ჩამოქვეითდა ვენა?

როგორც ცნობილია, ჟურნალი ეკონომისტი (The Economist/ Intelligence Unit) ყოველწლიურად იკვლევს მსოფლიოს ქალაქებში ცხოვრების დონეს და შედეგად, იქმნება იმ ქალაქების სია, სადაც ადამიანები ყველაზე კომფორტულად ცხოვრობენ (Global Livability Index). შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ჯანდაცვის და განათლების სისტემა, კულტურული ცხოვრება და ურბანული ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, პოლიტიკური სტაბილურობა და დანაშაულის სიხშირე.

პანდემიამ ყველაფერი შეცვალა და 2020 წელს ეს კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა. ერთი წლის თავზე კი გაირკვა, რომ ვენა აღარ არის საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი; არადა 2017 წლიდან მოყოლებული  ავსტრიის დედაქალაქს ეს ტიტული არავისთვის დაუთმია.

ეკონომისტის წლევანდელ ნუსხაში სათავეში ოკლენდი (ახალი ზელანდია), ოსაკა (იაპონია) და ადელაიდა (ავსტრალია) დგანან. 140 კომფორტული ქალაქის სიას სირიის დამასკო აბოლოვებს. კვლევის ავტორების აზრით, ოკლენდის პირველობა პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეულმა შედეგმა განაპირობა; ახალმა ზელანდიამ შეძლო შეეკავებინა ვირუსის გავრცელება.

იმავე პანდემიამ გადააგდო ავსტრიის დედაქალაქი პირველიდან მეთორმეტე ადგილზე; პანდემიის მეორე ტალღით გამოწვეული შეზღუდვები ძალიან მკაცრი და ყოვლისმომცველი იყო. ამ დროს ავსტრიაში აიგრძალა  კულტურული ღონისძიებები, დაიკეტა მუზეუმები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები, შეფერხდა ჯანდაცვის სექტორის ფუნქციონირება.

მართალია პანდემიამ მთელი პლანეტა მოიცვა, მაგრამ ყველა ერთნაირად არ დაზარალებულა. ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ორივე ამერიკაში საჭირო გახდა ხანგრძლივი და მკაცრი შეზღუდვები. ინფიცირებულთა სიმრავლემ კი სერიოზული პრობლემები შეუქმნა ჯანდაცვის სექტორს.

ამ დროს მსოფლიოს უფრო იზოლირებული ქვეყნები, ავსტრალია, ახლი ზელანდია, სამხრეთი კორეა, იაპონია და ტაივანი, შედარებით ნაკლებად დაზარალდნენ. ამიტომაც არიან ეკონომისტის კომფორტული ქალაქების ნუსხის პირველ ექვსეულში  ოკლენდი და ველინგტონი ახალი ზელანდიიდან, ადელაიდა და პერტი ავსტრალიიდან,   ოსაკა და ტოკიო იაპონიიდან. ევროპული ქალაქებიდან  ათეულში მხოლოდ შვეიცარული ციურიხი და ჟენევა მოხვდნენ.

დათო უჩაძე

წყარო: The Economist/ Intelligence Unit, thelocal.at

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *